"პრაიდ ფესტივალის" მოწინააღმდეგეთა მიერ პოლიციის კორდონის გარღვევის შემდეგ, ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ტერიტორიიდან ევაკუაცია განხორციელდა

"ლისი ვანდერლენდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დღეს, 8 ივლისს „პრაიდის ფესტივალის“ დასკვნითი ღონისძიება უნდა გაიმართოს, ანტილგბტ აქციის წევრებმა პოლიციის კორდონის გარღვევა სცადეს.

ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც ფესტივალი ტარდება. კორდონის გარღვევის მცდელობები ამ დრომდე გრძელდება.

რადიო თავისუფლების ცნობით, ისინი ცდილობენ, შემოვლითი გზით, მინდვრების გავლითაც შეაღწიონ ტერიტორიაზე. ისმის შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს“.

ანტილგბტ აქციის მონაწილეები მიმართავენ პოლიციას, რომ მისცენ ტერიტორიაზე შესვლის უფლება.


მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ 8 ივლისს დილიდან შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა, ანტიდასავლურმა ჯგუფებმა ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს და ლისის ტბამდე ავიდნენ.

ანტილგბტ აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორებს მისი ჩატარების უფლებას არ მისცემდნენ.

პრაიდ ფესტივალის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამარ ჯაყელი ფეისბუკზე საჯარო პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მათ "ლისი ვანდერლენდიდან" „ევაკუაცია უწევთ“.

ფესტივალის ორგანიზატორები მოუწოდებენ ყველას, ვინც დღეს, 8 ივლისს, "პრაიდის კვირეულის" დასკვნით ღონისძიებაზე მისვლას აპირებდა, აღარ მივიდეს იქ.

„მეგობრებო, არ ამოხვიდეთ არავინ!“, - წერს მარიამ კვარაცხელია, ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი.


ყველა მხრიდან შემოგვივარდნენ და ახლა ყველა „მარშრუტკით“ გადავყავართ“, - ამბობენ ფესტივალის მონაწილეები. მათი თქმით, ისინი ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა ალყაში მოაქციეს.

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც "ინტერპრესნიუსი ავრცელებს, "პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. 

აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

პოლიციის ერთმა ნაწილმა, მათ შორის, სპეცრაზმის ჯგუფმა, ლისის ტბის შიდა ტერიტორიაზე ახალი კორდონი გააკეთა.